Optimization of Expenditures on Screening and
Diagnostics of HIV/AIDS in Georgia
აივ ინფექცია/ შიდსი საქართველოში: არსებული სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის აგვისტოს მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში რეგისტრირებულია აივ-ით ინფიცირების 10 772 შემთხვევა; 2024 წელს გამოვლინდა 380 ახალი შემთხვევა; არვ მკურნალობაზეა 6725 (მათ შორის აფხაზეთში - 708) პაციენტი. საქართველოში აივ/შიდსის მკურნალობის მომსახურება სათავეს იღებს 1990-იან წლებში, თუმცა შიდსის მკურნალობის ეროვნული პროგრამა ოფიციალურად იწყება 1995 წლიდან. აივ ინფექციის ეროვნული პასუხის ფარგლებში მკურნალობის კომპონენტი მნიშვნელოვნად განვითარდა 2004 წლიდან, რაც უკავშირდება შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის (შემდგომში „გლობალური ფონდი“) მიერ გაძლირებულ და გაზრდილ რესურსების ალოკაციას. მიუხედავად იმისა, რომ დროული გამოვლენა წარმოადგენს ძირითად გამოწვევას, ქვეყანას მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს მკურნალობის მიმართულებით. საქართველო „უმკურნალე ყველას“ მიდგომას ახორციელებს 2015 წლიდან და მას შემდეგ აივ დადებით პირებს სთავაზობენ ანტირეტროვირუსულ თერაპიას მიუხედავად იმუნური სტატუსისა და დაავადების ფაზისა. გლობალური ფონდი საქართველოში: გლობალური ფონდი, საქართველოს ფინანსურ მხარდაჭერას უწევს 2003 წლიდან, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარა ქვეყანას გაეზარდა ხელმისაწვდომობა ხარისხიან მედიკამენტებზე და უზრუნველყო უნივერსალური ხელმისაწვდომობა აივ ინფექციის მკურნალობაზე. თუმცა უკანასკნელი წლების განმავლობაში გლობალურმა ფონდმა გადახედა ქვეყნების დაფინანსების პოლიტიკას, მათ შორის დაფინანსების ალოკაციის მეთოდოლოგიას და მდგრადობის, გარდამავალი პერიოდის და თანადაფინანსების პოლიტიკას. მიუხედავად იმისა, რომ გლობალური ფონდის დაფინანსება ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია, საქართველო განიხილება დაფინანსების გარდამავალ ქვეყნად. გარდამავალი პერიოდი ავალდებულებს ქვეყანას ეტაპობრივად გაზარდოს მისი ფინანსური შენატანი აივ ინფექციის ეროვნულ პასუხში, მათ შორის, გადაიბაროს აივ ინფექციის ანტირეტროვირუსული მედიკამენტების შესყიდვის დაფინანსება. მოცემულ დრომდე, ქვეყანა ასრულებს მასზე ნაკისრ ვალდებულებებს და სტაბილურად ზრდის საბიუჯეტო დაფინანსებას აივ ინფექციის არვ მედიკამენტების შესყიდვისათვის. თუმცა, მიუხედვად იმისა, რომ არვ მედიკამენტების შესყიდვის მნიშვნელოვანი წილი მოდის სახელმწიფო ბიუჯეტზე, ქვეყანა იყენებს გლობალური ფონდის შესყიდვის მექანიზმებს. გლობალური ფონდის გაერთიანებული შესყიდვის მექანიზმი (PPM) უზრუნველყოფს ხელმისაწვდომობას კონკურენტუნარიან საბაზრო პირობებსა და დაბალ ფასებზე, მიუხედავად შეკვეთის მოცულობის და სიდიდისა. PPM მექანიზმით განხორციელებული შესყიდვები ეფუძნება წინასწარ შეთანხმებულ რეფერენტულ ფასებს, რაც ქმნის ფინანსური დანაზოგების და მედიკამენტების ღირებულების მნიშვნელოვნად შემცირების შესაძლებლობებს. მედიკამენტების შესყიდვასთან დაკავშირებული გამოწვევები არსებითად უკავშირდება ქვეყნის ხელმისაწვდომობას გაერთიანებული შესყიდვის მექანიზმზე, სახელმწიფო დაფინანსებაზე სრულად გადასვლის და გლობალური ფონდის გასვლის შემდგომაც. რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო: სახელმწიფო შესყიდვების მექანიზმებზე გადასვლას, ახლავს მნიშვნელოვანი რისკები, რომლებიც უკავშირდება ფარმაცევტულ მონოპოლიებს, ბაზრაზე კონკურენციის ნაკლებობას, ქვეყნის შეზღუდულ საბაზრო და მსყიდველობით ძალაუფლებას, რაც პირდაპირ აისახება მედიკამენტების მაღალ ფასებში. ქვეყნის პატარა ზომა, აივ ინფექციის დაბალ დაავადების ტვირთთან ერთად, აყალიბებს დაბალი მსყიდველობითი ძალის მქონე პატარა ბაზარს, რომელიც არ წარმოადგენს კომერციულ ინტერესს ფარმაცევტული კომპანიებისათვის, და შედეგად იწვევს დაბალ კონკურენციას და მაღალ ფასებს. დამატებით, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები და მათი რეგულირება საქართველოში, მიუხედავად უკვე განხორციელებული ცვლილებებისა, ჯერ კიდევ შეიცავს დებულებებს რომლებიც ქმნიან მედიკამენტებზე მონოპოლიების ჩამოყალიბებისა და ბაზარზე გენერიკული მედიკამენტების შეზღუდული ხელმისაწვდომობის ხელსაყრელ გარემოს. რაში მდგომარეობს გამოსავალი: არვ მედიკამენტების შესყიდვის სრულად სახელმწიფო ბიუჯეტზე გადასვლისა და გლობალური ფონდის ქვეყნიდან გასვლის კვალდაკვალ მოსალოდნელი მედიკამენტების ფინანსურ ხელმისაწვდომობასა და ფასების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებული რისკების და გამოწვევების შესამცირებლად, აუცილებელია შენარჩუნდეს მდგრადი ხელმისაწვდომობა გლობალური ფონდის გართიანებული შესყიდვების მექანიზმზე, გლობალური ფონდის ქვეყნიდან გასვლის შემდგომაც. ასევე, გადაიხედოს ეროვნული კანონმდებლობა და შეიქმნას ნორმატიული ბაზა, რომელიც უზრუნველყოფს არსებული ბარიერების აღმოფხვრას, ნეგატიური გავლენების მინიმიზაციას და საქართველოს ბაზარზე გენერიკული მწარმოებლების დაუბრკოლებელი ხელმისაწვდომობის ლეგალური მექანიზმების დანერგვას; მათ შორის - საპატენტო კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას, რაც ხელს უწყობს ფარმაცევტული მონოპოლიების არსებობას.